22 დეკემბერი 2024,   09:15
ვრცლად
სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება - სალომე ზურაბიშვილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის  მიმართ კრიტიკა ზოგჯერ სამართლიანია, ზოგჯერ კი პოლიტიკურად მოტივირებული. ზურაბიშვილმა მაგალითად Ipsos-ის კვლევა მოიყვანა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა ისევე ენდობა ქართულ სასამართლოს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები:

"მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. საქართველომ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი უკვე განახორციელა. ახლა პარლამენტი რეფორმის „მეოთხე ტალღაზე“ მუშაობს. შესაბამისი ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული.

2019 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა შეცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის წესი, რათა უზრუნველეყო კანდიდატების გამჭვირვალე და პროფესიული შეფასება. პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული 5 რეკომენდაციიდან ოთხი გაითვალისწინა. შერჩევის პროცესი დადებითად შეაფასა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. გასაუბრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პარლამენტმა, ასევე, გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და სრულად არ შეავსო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. დაინიშნა მხოლოდ 14 წევრი (აქედან უზენაესი სასამართლოს 2 მოქმედი მოსამართლეა). პროცესს შემდეგი პარლამენტი დაასრულებს. დღევანდელი მდგომარეობით, 22 წევრიდან 9 ქალი მოსამართლეა (40%). კრიტიკა გამოითქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოყენებული კრიტერიუმების მიმართ, რაც მომავალში უნდა გამოსწორდეს.

სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა არ ცხრება, - ზოგი სამართლიანი, ზოგი კი - პოლიტიკურად მოტივირებული. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეფასებებით უფრო დადებითი სურათი იკვეთება:

ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - Ipsos-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ისევე ენდობა ქართულ სასამართლოს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები -  საკუთარი ქვეყნების სასამართლოებს, და ეს ნდობა 51%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერზე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები