22 დეკემბერი 2024,   08:56
ვრცლად
არჩევნებსა და დემოკრატიას ყველაზე დიდ საფრთხეს მზარდი პოლარიზაცია უქმნის - ზურაბიშვილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველომ პირობები გააუმჯობესა. 

"გზა დემოკრატიისკენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადის. ეუთო/ოდირმა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები წარმოადგინა.  საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 2019 წლის ზაფხულიდან აქტიურად მუშაობს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე.  ამ ჯგუფში არა მარტო საპარლამენტო პარტიები, არამედ კვალიფიციური პოლიტიკური ჯგუფებიც მონაწილეობენ.

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველომ გააუმჯობესა პირობები და ყოველი შემდეგი არჩევნები იყო უკეთესი. მოსახლეობის ნდობის მისაღებად  და არჩევნებში  ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მიდინარე მუშაობის შედეგად გაუმჯობესდება კოდექსი და  გაიზრდება შესაბამისი სტანდარტები," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაციაა:

"სინამდვილეში, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ზოგადად, ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის. იგი ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები - ორგანიზმზე. ეს დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის და არც საქართველოა გამონაკლისი.

განსხვავებული აზრის მიუღებლობა, აგრესია და სიძულვილის ენა ყოფს ჩვენს საზოგადოებებს, აღვივებს უნდობლობას. ცრუ ინფორმაციასთან (fake news) და დეზინფორმაციასთან ერთად, პოლარიზაცია გარე გავლენებისთვის სასურველ ნიადაგს ქმნის საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდეგაც.  მოსახლეობას უჭირს საერთო საკითხების გარშემო გაერთიანება. ამ დროს, ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი გვჭირდება, - საქართველოს ოკუპაციის დასრულება, დამოუკიდებლობის გაძლიერება და ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ მიზნებს, რომლებიც გამაერთიანებელ პლატფორმად გამოდგება,"- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის პოლარიზაციაში ჩათრევას ერიდება:

"ჩემი იმედი და მიზანია, ქართველმა საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა მოახმაროს შერიგებას და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებას. მე მონდომებით ვერიდები პოლარიზაციაში ჩათრევას და მჯერა, რომ მხოლოდ ღირებულებებისა და პრიორიტეტების გარშემო მიღწეული თანხმობით  საქართველო შეძლებს, გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, გააძლიეროს თავისი დამოუკიდებლობა და დაასრულოს ოკუპაცია. გახლეჩილი ქვეყანა ამ გამოწვევებს წარმატებით ვერ დაძლევს,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები