22 დეკემბერი 2024,   09:14
ვრცლად
საარჩევნო სისტემა, ოპოზიციის დევნა და სანქციები რუსეთის მიმართ - ზურაბიშვილის პასუხები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასმულ კითხვებზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელიც თითქმის 50 წუთი გაგრძელდა, საქართველოს პრეზიდენტს დეპუტატების კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა.  კითხვები საარჩევნო სისტემის რეფორმას, ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხებოდა.

"კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების შემდეგ რა სიახლეები შევიდა საარჩევნო სისტემაში. ასევე მაინტერესებს თქვენი პოზიცია იმ გადაწყვეტილებაზე, რომ პროპორციული სისტემა გამოყენებული იქნება 2024 წელს"  - მიმართა საქართველოს პრეზიდენტს კითხვით რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის საარჩევნო სისტემის საკითხის განვრცობას არ აპირებს, თუმცა იმედოვნებს, რომ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით წინსვლა იქნება:

"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთელი რიგი დისკუსიები გაიმართა, რომელიც პოლიტიზებული იყო. საკითხი პოლიტიკური პარტიების დიდ ინტერესს იწვევდა. მე არ მისაუბრია ამაზე საქართველოში. აქაც, ასამბლეის წინაშე არ განვავრცობ ამ საკითხს. პროპორციული არჩევნების გარანტორი კონსტიტუციაა. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. უფრო მეტიც, რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, არსებობს ჯგუფი, რომელიც იხილავს რეკომენდაციებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან გადავამოწმე, ამ ჯგუფმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია. იმედი მაქვს, ყველა თუ არა, რეკომენდაციების უმრავლესობა განხორციელდება და ეს იქნება ნაბიჯი წინ საქართველოსთვის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლონელი დეპუტატის ალექსანდრ ბოიჩეკის კითხვა ხელისუფლების ოპონენტების სისხლის სამართლებრივ დევნას შეეხებოდა:

"საქართველოს მეგობრები და ამერიკის კონგრესი შეშფოთებას გამოხატავენ იმ ტენდენციებზე, რომელიც საქართველოშია. განსაკუთრებით ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ, როდესაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც იქნებიან დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დაიწყება მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, თქვენ, როგორც პრეზიდენტს, არ გაშფოთებთ ეს საკითხი?"- მიმართა ბოიჩეკმა ზურაბიშვილს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა რომ ე.წ გავრლოვის ღამე 2 საკითხს მოიცავს, საზოგადოების სპონტანურ პროტესტს, შემდგომ კი პარლამენტის ხელში ჩაგდების მცდელობას.

"მაშინ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როცა პარლამენტიდან 40კმ-ის დაშორებით რუსული ძალები არიან განლაგებული, როცა ვიცით, რამდენად მარტივად გამოიყენებს რუსეთი ამას დესტაბილიზაციისთვის, ხელისუფლების რეაგირება იყო აუცილებელი, იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. მინახავს გაცილებით უფრო მეტი რეპრესიული ქმედებები სხვა ქვეყნებში, როცა ისინი არასტაბილურ სიტუაციაში არიან, ვფიქრობ რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიამ საკუთარი თავი კარგად დაიცვა," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

უკრაინელი დეპუტატი ალექსი გონჩარენკო დაინტერესდა, შეუერთდებოდა თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს:

"პუტინის აგრესიის შედეგები თქვენი და ჩემ ქვეყნის წინააღმდეგ საშინელია, რუსეთი არღვევს ევროპის საბჭოს წესდებას და იგნორირება ხდება აღნიშნული ასამბლეის გადაწყვეტილების. რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ და ევროპის საბჭომ, კონკრეტულად საქართველოს თავმჯდომარეობის დროს იმისათვის, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. მხარს უჭერთ ახალი სანქციების შემოღებას  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თქვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო?- ჰკითხა ალექსი გონჩარენკომ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც საქართველოს პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ გაუცია და განაცხადა, რომ რაც უფრო დიდია ქვეყანა, ნაკლებად მოქმედებს მასზე სანქციები და მკაცრი მონიტორინგი:

"რუსეთი ნამდვილად არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციის მოთხოვნებს და ეს გახლავთ ხანგრძლივი ისტორია, ეს ხდებოდა მანამდე, სანამ უკრაინაში ცნობილი მოვლენები მოხდებოდა, ეს გახლავთ ის პრობლემა, რომელსაც ხაზს ვუსვამდი, საუბარი მაქვს ორმაგ სტანდარტზე, როცა ქვეყნები თავის ვალდებულებებს პატივს არ სცემენ, როდესაც მონიტორინგი მათთან დაკავშირებით ისეთი ეფექტიანი არ გახლავთ, როგორიც სხვებთან. რაც უფრო დიდია ქვეყანა, ნაკლებად მოქმედებს მასზე სანქციები და მკაცრი მონიტორინგი. ჩემი მოწოდება ევროპის საბჭოსადმი გახლავთ, უზრუნველყოფილი იქნას, რაც შეიძლება უფრო მეტად ერთნაირი სტანდარტები ყველა ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა შეთანხმებას, რომელიც მიღებული იქნა. ჩვენ ცალმხრივად ავიღეთ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, მაგრამ ჩვენი ასეთი ნაბიჯი პასუხგაუცემელი დარჩა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები