22 დეკემბერი 2024,   09:05
ვრცლად
ბიძგები თურქეთში 1000-ჯერ განმეორდა - სტიქიის შედეგებს 5 000-მდე მაშველი უკვე მეხუთე დღეა ებრძვის

თურქეთში, მანისას პროვინციის მოსახლეობა დღეს პანიკამ მოიცვა. ადგილობრივი დროით 14:26 წუთზე 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ მოსახლეობა იმდენად შეაშინა, რომ მათ საცხოვრებელი სახლები და სამუშაო ადგილები დატოვეს და ქუჩებში გამოვიდნენ.

24 იანვარს, ელაზიღის პროვინციაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, განმეორებითი ბიძგები თურქეთში 1000-ჯერ განმეორდა. 21 შემთხვევაში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდას გადააჭარბა.

24 იანვარს დაშავებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები დამანგრეველი სტიქიის დღეს იხსენებენ:

"მიწისძვრის დროს ელექტრონერგია მოულოდნელად გაითიშა, ცოტა მეტი დრო რომ მქონოდა, დედაჩემის გადარჩენას შევძლებდი. გავიქეცი, მაგრამ როცა დავბრუნდი, შენობა ჩამონგრეული დამხვდა, ყველგან ნანაგრევები და მტვერი იყო," - ჰყვება ფარუკ კაპლანი.

სტიქიის შედეგებს თითქმის 5 000-მდე მაშველი უკვე მეხუთე დღეა, 24-საათიან რეჟიმში ებრძვის. პარალელურად მიმდინარეობს იმ სახლების დემონტაჟი, რომელთა აღდგენა ან გამაგრება შეუძლებელია. ასეთი სულ 30 შენობაა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. პროცესში კინოლოგთა ჯგუფებიც არიან ჩართული. რაც შეეხება დაშავებულებს, მათმა დიდმა ნაწილმა საავადმყოფოები უკვე დატოვა. მკურნალობას ამ ეტაპზე 100-მდე ადამიანი გადის.

"ნანგრევებში ყვირილის ხმა მესმოდა, მეც ვპასუხობდი მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი მათ ჩემი თუ ესმოდათ. ხელში ჩაიდანი მეჭირა, ჩემ უკან გამათბობელი იყო. ჩაიდანს გამათბობელს ვურტყამდი, რომ მაშველებს ხმა გაეგოთ. მოგვიანებით კი მაშველებმა ნანგრევებში შემოაღწიეს," - ამბობს მიწისძვრის დროს დაშავებული ჩინგიზ ჯელიკი.

თურქეთში, სტიქიისგან დაზარალებულ 3 დიდ ქალაქში ამ დრომდე გაშლილია კარვები, სადაც დაზარალებულებს ღამის გათევა შეუძლიათ. მოსახლეობას პროდუქტებით და მედიკამენტებით საქველმოქმედო და სამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები