22 დეკემბერი 2024,   09:19
ვრცლად
სტრასბურგში ქართული დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდნენ

ევროსაბჭოში სესიის დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდნენ. აუდიენცია ენდრიკ დამსთან უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებმა ცალ-ცალკე გამართეს.

მთავარი თემები იყო ოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებულ შიდა პროცესებთან დაკავშირებით.

"ვისაუბრეთ ორ ძირითად მიმართულებაზე. პირველი, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს დეოკუპაციის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად და ეს ორგანიზაცია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საკუთარი რეზოლუციებით. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, საქართველოს შიდა განვითარებები და სტრასბურგში, შემიძლია გითხრათ, არსებობს ძალიან სერიოზული შეშფოთებები იმაზე, თუ რაც ხდება დღეს საქართველოში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც ქვეყანაში ვითარდება.

"გვქონდა საუბარი, ბუნებრივია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხებზე. გვქონდა საუბარი სასამართლოზე, ასევე ყველა იმ საკითხზე, რომელიც არის ზოგადად აქტუალური ჩვენს საზოგადოებაში, ქართულ პოლიტიკაში და ასევე, გვქონდა სხვადასხვა საკითხზე საუბარი, რომელიც არის დაკავშირებული ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები