22 დეკემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ევროსაბჭოს რეკომენდაციით 2020 წლის საარჩევნო სისტემა ოპოზიციას უნდა შეუთანხმდეს - უმრავლესობა დოკუმენტში ცვლილებებს ითხოვს

ევროსაბჭოში რამდენიმე საათში იწყება სესია, რომელზეც მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში გადის. დოკუმენტში საქართველოს 1 გვერდი ეთმობა. დასკვნაში, რომლის შინაარსიც ცნობილი გუშინ გახდა, არის კრიტიკული შეფასებები. მთავარ პრობლემად სახელდება შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა. ანგარიშის დამტკიცებამდე, საქართველოს დელეგაციის წევრები მმართველი გუნდიდან ეცდებიან დასავლელი კოლეგები დაარწმუნონ, რომ ტექსტში ცვლილებები შევიდეს. ამ თემაზე, უკვე იყო საუბარი კომიტეტის სხდომაზე, თუმცა "ქართული ოცნების" წევრებმა შესწორებების უმრავლესობაზე უარი მიიღეს.

"ეს არ არის საბოლოო ვერსია. ჩვენ უნდა დაველოდოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო ასამბლეა და სწორედ ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, უფრო კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ,"- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივან გიორგი კანდელაკის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის რჩევა და რეკომენდაციაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ისეთი სისტემით, რომელიც ოპოზიციასთან შეთანხმებული იქნება. 

"ძალიან კრიტიკულადაა შეფასებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, ეს მონა მოსამართლეები რომ შეყარეს უზენაეს სასამართლოში. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, გამოთქმულია იმპერატიული მოთხოვნა, რომ 2020 წლის არჩევნების საარჩევნო სისტემა უნდა შეუთანხმდეს ოპოზიციას,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დოკუმენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრით დღეს დაამტკიცებს.

დღის ამბები