22 დეკემბერი 2024,   09:16
ვრცლად
აშშ-ს მხრიდან ურთიერთობის გადასინჯვის საშიშროება - ხელისუფლება პარტნიორი ქვეყნის გადარწმუნებას ვიდეომტკიცებულებებით აპირებს

პრემიერის საფოსტო ყუთში კიდევ ერთი წერილია - კვლავ ამერიკული საფოსტო ნიშნით. კრიტიკული და მოწოდებითი გზავნილები ამჯერად სენატორებს ეკუთვნით, მათ შორის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს. ორპარტიული მხარდაჭერის მსგავსად, ამჯერად კრიტიკაც ორპარტიულია. რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და დემოკრატი ჯინა შაჰინი საგანგაშოდ მიიჩნევენ ხელისუფლების იმ ნაბიჯებს, რაც ბოლო პერიოდში აქტუალურ თემადაა ქცეული, პირველ რიგში, ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას ეხება.

სენატორების წერილის  ყველაზე საგულისხმო დეტალი ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივა იყო. ტექსტში ნათქვამია, რომ ამერიკას საქართველოს მხარდაჭერა სურს, თუმცა მასში სტაბილური და სანდო პარტნიორი უნდა დაინახოს. სენატორების განცხადებით, ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას მისცემს. რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ, რომ მსგავსი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა გადაიხედოს.

"არანაირი გადახედვა არ უნდა იყოს - გამორიცხულია" - აცხადებს გია ვოლსკი. ამ ციტატის არგუმენტად პარლამენტის ვიცე-სპიკერს ის მოჰყავს, რომ აშშ-ს რეგიონში საქართველოს მსგავსი მოკავშირე არ ჰყავს. გია ვოლსკი პათეტიკას და სენტიმენტებს, პოლიტიკური ურთიერთობებისგან მიჯნავს. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ამერიკასთან პარტნიორობა რეგიონულ დატვირთვას ატარებს და მხოლოდ საქართველოს ინტერესში არ შედის.

ოპოზიცია სენატორების წერილს ამ ეტაპზე ყველაზე მძიმეწონიან კომუნიკაციად აფასებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი შტატების საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს. მათი თქმით, ბოლო წერილის ავტორის რეგალიამ ხელისუფლება უნდა ჩააფიქროს და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს.

მკაცრია არასაპარლამენტო ოპოზიციაც, სადაც დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი შინაარსის წერილები ერთდღიანი შთაბეჭდილებებით არ იწერება და სენატორებს მეგობრულმა მოტივებმა კრიტიკის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს.

ხელისუფლება სენატორების გზავნილს კვლავ არასწორ ინფორმირებულობას უკავშირებს.

დღეს ხელისუფლებაში ოპოზიციას იმის გააზრებისკენაც მოუწოდეს, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და კრიტიკულ წერილებს დამოუკიდებელი ანალიზი სჭირდება. ამერიკელი მოკავშირეების გზავნილებში კი "ოცნება" კვლავ უზუსტობებს კითხულობს და საარბიტრაჟო სასამართლოს დასრულებამდე არც "ფრონტერას" საკითხზე კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს მიესალმება. თუმცა, ხელისუფლება იმასაც უსვამს ხაზს, რომ საქართველოს შტატებზე უფრო ახლო პარტნიორი არ ჰყავს და მათი გზავნილების კითხვას ყურადღებით გააგრძელებენ.

ხელისუფლება ახლა მთავარ გათვლას იმ ვიზიტზე აკეთებს, რომლითაც საპარლამენტო დელეგაცია რამდენიმე დღეში ვაშინგტონში ჩავა. "ოცნება" ამბობს, რომ კაპიტოლიუმში ფაქტობრივი გარემოებები და ვიდეომტკიცებულებები ჩააქვთ, რაც მათ ამერიკელ კოლეგებს გადაარწმუნებს.

 

 

 

 

დღის ამბები