22 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ემუქრება თუ არა საქართველოს კორონავირუსის საფრთხე - ინფექციურში საავადმყოფოში 2 ქართველ პაციენტ აკვირდებიან

კორონავირუსის კლასიკური სიმპტომებით, ტემპერატურითა და ყელის ტკივილით 2 მცირეწლოვანი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვები, ოჯახის წევრებთნ ერთად, სასწრაფო დახმარების მანქანებით ყაზბეგიდან ჩამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დამცავი აღჭურვილობებით იმყოფებოდნენ. ირკვევა, რომ 21 იანვარს აზერბაიჯანის გავლით  საქართველოში 9 ჩინელი ტურისტი შემოვიდა. ბავშვებს უკვე მესამე დღეა ტემპერატურა აქვთ, თუმცა გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება.

ჩინეთის 9 მოქალაქიდან ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 2 მცირეწლოვანი მკურნალობს, მათი თანმხლები პირები კი ბინაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რჩებიან.

ვირუსოლოგიური, ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევები 2 ბავშვის გარდა 24 წლის მამაკაცსაც უტარდება, რომელიც ჩინეთიდან დღეს ჩამოვიდა, სახლში მისვლის შემდეგ კი ტემპერატურამ მატება დაიწყო. ის ინფექციურ საავადმყოფოში თითქმის 40 გრადუსი სიცხით გადაიყვანეს.

რასთან აქვს საქმე საქართველოს და დაფიქსირდა თუ არა ეპიდემიური საფრთხე ქვეყანაში, ეს  დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა დაადგინოს, რომელიც საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ჯანდაცვის ორგანიზაციამ დღეს საგანგებო ბრიფინგი ორჯერ ჩანიშნა.

პირველად, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ბოლო ინფორმაცია გააცნო. დღის ბოლოს კი მისი ბრიფინგის მიზეზი ის პაციენტები აღმოჩნდნენ, რომელებიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებს პირველადი სწრაფი ტესტის მონაცემებით A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდათ.

ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც საზღვარზეც შეამოწმეს, ვირუსული დაავადება - კორონა არ დაუდგინდა.

ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეც მიიყვანეს. ქალს მაღალი ტემპერატურა თბილისის აეროპორტში დაუდგინდა.

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად ბოლო მონაცემებს განიხილავს. ოთახში კორონავირუსის შემსწავლელი ცენტრი მოეწყო და ეპიდემიოლოგები 24/7 -ზე მონაცემებს ეცნობიან. პარალელურად ამოქმედებულია ცხელი ხაზი და დაწყებულია საინფორმაციო კამპანია.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეები სპეციალურ სკრინინგს გადიან. შემოწმების ფორმას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ადგენს. სკრინინგი უტარდება მათ, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ეპიდემიის მთავარი მახასიათებელი მაღალი სიცხე და ხველაა.

ჯანდაცვის უწყება მზად არის, გამოვლენის შემთხვევაში უპასუხოს კორონავირუსს, -  განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე.   პრემიერ-მინისტრმა უწყებებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

ჩინეთიდან ქართველი მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში ევაკუაციის მიზნით, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აგრძელებს. თურქული მედიის ცნობით, ჩინეთიდან საქართველოში შვიდი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდება. მეზობელი ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეების გარდა, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს.

სატვირთო თვითმფრინავი ქვეყანას დღეს დატოვებს. უხანის პროვინციიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე თურქეთთან აქტიურ მუშაობას ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიური საფრთხის გამო პრობლემები შეექმნა იტალიის სანაპიროზე მცურავ ლაინერსაც, სადაც 6 000 მგზავრი იმყოფებოდა.

კრუსის მგზავრებს გემიდან ჩამოსვლის უფლებას არ აძლევენ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მათ შორის კორონავირუსით ორი მგზავრი - ჰონგ-კონგელი წყვილია დაავადებული. კრუიზში კი ჩინეთის სულ 750  მოქალაქე მგზავრობს.

ბოლო 6 საათის განმავლობაში, ჩინეთისა და მსოფლიოს 16 ქვეყნის გარდა, კორონავირუსით დაავადებული პირი ინდოეთსა და ფილიპინებში დაფიქსირდა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ორივე პაციენტი იზოლაციაში იმყოფება. ჩინეთში უხანის პროვინციაში მცხოვრები პირი პეკინიდან 21 იანვარს ჩაფრინდა. ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადებულთა რიცხვმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 1737 ადამიანით იმატა. ჯამში ინფიცირებულია 7 783 ადამიანი. 31 დეკემბრის შემდეგ ეპიდემიურ აფეთქებას 170 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები