22 დეკემბერი 2024,   09:16
ვრცლად
შექება მოსკოვიდან დასავლეთის კრიტიკის ფონზე - შემოუშვებენ თუ არა საქართველოში რუს დეპუტატებს - ხელისუფლება კონსულტაციებს გეგმავს

კრიტიკის ფონზე, რომელიც ვაშინგტონიდან და ევროპიდან ისმის, რუსეთი სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ცდილობს.

სერგეი გავრილოვის თქმით, მართლმადიდებელი დეპუტატები მზად არიან გაემგზავრონ თბილისში, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გამართლდება. გავრილოვმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უსერიოზულესი სიგნალი უწოდა, რომელიც მოწმობს იმას, რომ საქართველო დემოკრატიის პრინციპების ერთგულია და ექსტრემისტებისგან მომავალი საფრთხე განეიტრალებულია.

ჯერ საპარლამენტო გაზეთის ონლაინპლატფორმაზე წერილობით, მოგვიანებით კი ვიდეოკომენტარით - დუმის კომუნისტმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს სტრასბურგში სიტყვით გამოსვლა შეუქო. სალომე ზურაბიშვილის აქცენტები სერგეი გავრილოვმა აღიქვა როგორც სიგნალი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა გადადგას აქტიური ნაბიჯები ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად.

რუსი დეპუტატი, რომელიც საქართველოდან კვერცხების სროლით გააცილეს, ქვეყანაში მეორედ მოსვლისთვის ემზადება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გავრილოვი სალომე ზურაბიშვილის გზავნილებმა წაახალისა. ასეთია იმ ქართველი პოლიტიკოსების შეფასება, რომლებმაც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან ხმაურიანი პროტესტით ააყენეს. ამ პროცესებიდან 7 თვის თავზე, მოსკოვიდან საქებარი სიტყვების მოსმენა ლიდერებისთვის საგანგაშო სიგნალია.

არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, გავრილოვის კმაყოფილება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ტრიბუნიდან რუსულ ოკუპაციაზე საკმარისად მწვავე აქცენტები არ გაუკეთებია.

კომუნისტი დეპუტატი გამიზნულ პროვოკაციაში დაადანაშაულა დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ.

გავრილოვის შექების გამო სალომე ზურაბიშვილის გაკრიტიკება ვიცე-პრემიერისთვის გაუგებარია. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება საქართველოში რუსი დეპუტატების შემოსვლასთან დაკავშირებით ადეკვატური იყო.

შემოუშვებენ თუ არა საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მინისტერიალზე დასასწრებად იმ რუს დეპუტატებს, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვიეს, ჯერჯერობით უცნობია.

სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ტრიბუნიდან განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია თბილისში საქართველოს კანონის გვერდის ავლით ჩამოვა. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ კანონი უზენაესია, თუმცა, საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, აქვს საერთაშორისო ვალდებულებებიც.

საკითხის გადასაჭრელად ხელისუფლება კონსულტაციებს პარტნიორებთან გეგმავს.

დღის ამბები