18 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
უნიჭო თეატრალური დადგმა, პროკურორები და მოსამართლე შეთანხმებულად მოქმედებენ - გიორგი რურუას მეუღლე 

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ იყო და მოსამართლე პოლიტიკური ნების შესრულებაში დაადანაშაულა. ის არაადეკვატურად მიიჩნევს ბრალდების მხარის არგუმენტს, რომელიც მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ არსებობს რისკი, რურუამ მეუღლეზე გავლენა მოახდინოს.

"პროკურატურის აზრით, გიორგი თუ გამოვა გარეთ, ის მოახდენს ჩემზე ზეწოლას და ჩემი შეფასება რა უნდა იყოს?! ეს არის რაღაც თეატრალური დადგმა, ძაან უნიჭო და ძაან მოუმზადებლები არიან. პროკურორებიც და, სამწუხაროდ, მოსამართლეც. შეთანხმებულად მოქმედებს ყველა,"- განაცხადა გიორგი რურუას მეუღლემ.

უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უსამართლო პატიმრობაშია, რასაც მათ ხელთ არსებული ვიდეომტკიცებულებებიც მოწმობს.

"არანაირი მტკიცებულება, როგორც მის მიერ დანაშაულის ჩადენის, ასევე, ან მიმალვის, ან მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის, ან მტკიცებულებათა განადგურების არ არსებობს. ამ პირობებშიც კი, როცა საერთოდ არაფერი არ არსებობს, სასამართლო პატიმრობაში ტოვებს გიორგი რურუას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით. თუკი აქამდე მხოლოდ ჩვენი პოზიცია იყო და საკმაოდ გონივრული, იყო ეს პოზიცია, ახლა გვაქვს ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ ჩადიან პოლიციელები დანაშაულს გიორგი რურუას წინააღმდეგ,"- განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუას პოლიციამ გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავა.

დღის ამბები