ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. მათ გუნდში არსებულ პრობლემასა და "ტორპედოს" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეზე ისაუბრეს.
ქუთაისის "ტორპედო" უმძიმეს მდგომარეობაშია. ქუთაისური კლუბი ბოლო ერთი წლის მანძილზე სპონსორის გარეშეა დარჩენილი და სამწუხაროდ ამ ხნის მანძილზე, ახალი ინვესტორის მოძიება ვერ მოხერხდა.
"ტორპედოს" საკმაოდ სოლიდური ფინანსური დავალიანება აქვს. საუბარია 2 მილიონზე მეტ ლარზე, რომელიც კლუბმა უახლოეს დღეებში უნდა გაისტუმროს.
სწორედ აღნიშნული პრობლემების გამო, "ტორპედო" ძირითადი შემადგენლობის უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის შეიცვალა მთავარი მწვრთნელიც.
ამ წუთებში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოს“ გულშემატკივრები და თანამშრომლები იკრიბებიან, რომლებმაც გუშინ გვიან ღამით საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროში გადაიჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს და შიმშილობას აანონსებენ.
"გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ იტალიელი ინვესტორი მზად არის კლუბის შესყიდვასთან დაკავშირებით გააფორმოს ხელშეკრულება. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის, რომ ამ ქალაქს შეუნარჩუნდეს ეს გუნდი. გიანონსებთ და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ნამდვილად არაფერი აღარ დაგვრჩა უკვე საიმისოდ, რომ მივიღოთ რადიკალური ზომები, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი სხვადასხვა ფორმებით, იმ შემთხვევაში თუ კი ქალაქის მუნიციპალიტეტი, ქალაქის მერია და გუბერნია არ წარმოგვიდგენს გარკვეულ სამოქმედო გეგმას, რომელიც იქნება რეალური და იქნება მიმართული ამ კლუბის გადასარჩენად," - განაცხადა ქუთაისის "ტორპედოს" ლიცენზირების მენეჯერმა ნინო ქუთათელაძემ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი