სავარაუდოდ ვირუსული ინფექციით, ქუთაისის კლინიკაში ფეხმძიმე ქალი დაიღუპა. ონში მცხოვრები 5 თვის ორსული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
ცენტრის კლინიკური დირექტორის თამუნა ჯანელიძის ინფორმაციით, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მისივე თქმით, სავარაუდოდ ეს იყო ვირუსული ინფექცია.
როგორც თამუნა ჯანელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია. 32 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
კლინიკაში ახლა ლაბორატორიული კვლევის საბოლოო შედეგებს ელოდებიან. ამ ეტაპზე უცნობია დაღუპულის ოჯახის წევრების პოზიცია.
"8 თებერვალს კატასტროფის სამსახურის მიერ შემოყვანილი იყო 32 წლის ქალბატონი, 20 კვირის ორსული, მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, ეგრევე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, მაგრამ რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. ყველა ანალიზი გადაგზავნილია შემოწმებაზე. სავარაუდოდ, არის ვირუსული ინფექცია, ველოდებით პასუხს" - განაცხადა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა თამარ ჯანელიძემ.
პაციენტი ცენტრში ონიდან 8 თებერვალს შეიყვანეს და ცხრა თებერვალს, დილით გარდაიცვალა.