ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალისა და შავი ზღვის დერეფნის განვითარებაზე. იმართება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის პრეზენტაცია.
ფორუმის მიზანი საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, "შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებაა.
წელს ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა რამდენიმე ათეული ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატს ექნება. საერთაშორისო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, ბათუმი თავს იმკვიდრებს, როგორც საქმიანი სტატუსის მქონე ქალაქი.
"ბათუმი სულ უფრო მეტად ასოცირდება განვითარებასთან, პროგრესთან და თავის თავს იმკვიდრებს, როგორც საქმიანი სტატუსის მქონე ქალაქი, რომელმაც ეს იმიჯი მასშტაბური ღონისძიებებით, საერთაშორისო ფორუმებით, მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებით დაიმკვიდრა.
სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები არის იმ უდიდესი მხარდაჭერის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ჩვენი რეგიონის გაძლიერებისთვის აკეთებს.
ფორუმის მთავარი გზავნილიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საზღვაო კავშირები მნიშვნელოვანი სტრატეგიული აუცილებლობაა. სწორედ ამ კონტექსტში იკვეთება შავი ზღვისა და შუა დერეფნის განსაკუთრებულად დიდი როლი და მნიშვნელობა," - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.