18 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
"ოცნებაში" ევროპარლამენტიდან უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ჩამოსვლას უახლოეს მომავალში ელოდებიან

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტიდან ფაქტების შემსწავლელი მისია ჩამოვა. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთავაზება ევროპელ კოლეგებს უკვე გაუგზავნა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისიის წევრებს საქმის მასალებზე სრული ხელმისაწვდომობა ექნებათ.

"ევროპარლამენტს შევთავაზეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა და გამოგზავნა საქართველოში, რომელსაც ექნება სრული ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე და გარემოებებზე. ჩვენ მზად ვართ და დაველოდებით ევროპარლამენტარების მისიის დასკვნას, რომ მათაც ნახონ და თქვან თავისი მოსაზრება, არის თუ არა ამ საქმეში გარემოებები ობიექტურად შეფასებული და ბრალი დადასტურებული," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მისიას უახლოეს მომავალში ელოდებიან.

"როგორც ჩანს, ეს მისია საქართველოში ჩამოვა. როგორც ჩანს, ამ შეთავაზებას თანხმდებიან. ევროპის სახალხო პარტიაა მეორე აქტორი, მაგრამ ერთ-ერთი აქტორი, ევროპის სოციალისტების პარტია, ამას თანხმდება. უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი გამოეხმაურნენ და პოზიტიურად შეაფასეს. მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე იქნება. არ არის 2 და 3 დღეზე საუბარი, მაგრამ არც რამდენიმე თვეზეა საუბარი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარებისთვის გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის შეთავაზება "ქართული ოცნების" მხრიდან დროის გაწელვის მცდელობაა. 

"ასეთი მისიის შეთავაზებას მე მხოლოდ იმას ვუკავშირებ, რომ უნდათ დროის გაწელვა. ამიტომ, ცოტა ირონიული და არასერიოზულია. თუ ჩამოვლენ, ყველაფერი ნათელია, სამართლებრივად ყველა დოკუმენტი გაყალბებულია და ერთი და იგივე სასჯელზე ადამიანი ორჯერაა საპყრობილეში გაშვებული. ასე რომ, რასაკვირვეილა ეს ყველაფერი გამოჩნდება,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები