11 სექტემბერი 2026,   09:46
ვრცლად
მოსამართლემ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღო - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი

მიხეილ კალანდიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის  დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ესწრებოდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პროკურორის ბესიკ ქვარცხავას თქმით, მოსამართლემ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს.

"აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. ამ განაჩენით ეს დასტურდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს და მითითებულ მოტივაციასაც, შემდეგ უკვე შეგვიძლია დანარჩენ გარემოებებზე მსჯელობა. აღნიშნული განაჩენით დასტურდება, რომ ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებით მსჯავრდებულმა დავით სარალიძეს," - განაცხადა პროკურორმა.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

 

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები