18 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
მგლების შემოსევა გურიაში - ბოლო 10 დღის განმავლობაში მონადირეთა ჯგუფმა სამი მგელი მოკლა

გურიაში, სოფელ კონჭკათში, მგელმა მსხვილფეხა საქონელი იმსხვერპლა. მოსახლეობაშიც მტაცებელი ცხოველის შიში გაჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზამთრის პერიოდში მგელი დასახლებულ ტერიტორიებთან ახლოს მიდის და პირუტყვზე თავდასხმის ფაქტებიც გახშირდა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში, გურიაში მონადირეთა ჯგუფმა სამი მგელი მოკლა. გარეული მტაცებლის თავდასხმას უკვე წლებია ადგილობრივები ამ ხერხით ებრძვიან. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მტაცებლები განსაკუთრებით მომრავლდნენ.

შინაური ცხოველების გატაცების ფაქტების გარდა გურიაში მტაცებლის მხრიდან ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევაც იყო. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ გარეულ ცხოველებში მომატებული აგრესია შესაძლოა სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. შემოწმება უკვე დაწყებული აქვთ ვეტერინარებს და ცოფის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

მტაცებელის მოკვლას კანონმდებლობა არეგულირებს. არსებული საფრთხეების გამო მონადირეები სახელმწიფოსგან ლიცენზიების გაცემის გამარტივებას მოითხოვენ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაა. უწყებას ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

დღის ამბები