საკარანტინო ზონებში ქვეყნის მასშტაბით პაციენტების რაოდენობა იზრდება, თუმცა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში უცვლელია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს. მათზე დაკვირვება ამ დრომდე მიმდინარეობს.
პაციენტების რაოდენობა გაიზარდა ინფექციურ საავადმყოფოშიც. სპეციალურმა ჯგუფმა დაწესებულებაში დამატებით 2 პირი შეიყვანა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ლუგარის ლაბორატორიის პასუხები დღის მანძილზე ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
"დღის პირველ ნახევარში 8 ადამიანს უკვე აუღეს სინჯი, მათი პასუხი იქნება 1-2 საათში. გვიან შემოსულების ანალიზის პასუხები კი, სავარაუდოდ ღამით ათი საათისთვის. 24 პაციენტი წევს კლინიკაში, მათ შორის სამი ინფიცირებულია, ორი მათგანის მდგომარეობა კარგია, ქალბატონის მდგომარეობა კი შედარებით სიმპტომების ფონზე მიმდინარეობს - აქვს სიცხე და ხველება, თუმცა ეს მსუბუქ შემთხვევად განიხილება," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში სულ 6 საკარანტინე სივრცეა. ერთი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიხსნა.
ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, მათთან განთავსებული 18 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
"ამ წუთისთვის რესპუბლიკურში 18 ჩვენი მოქალაქე იმყოფება, ზოგადად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აქედან არცერთი არ არის ინფიცირებული," - განაცხადა ლევან გოფოძემ.