18 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ასლან ბჟანიას მოწამვლა - აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მოსკოვს ულტიმატუმს უყენებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა რუსეთის ე.წ. ელჩს შეხვდა და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემი მოთხოვნები წაუყენა.

ბგანბას მიმართვაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ რუსული მედია, მათ შორის სახელმწიფო მედიასაშუალებები, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლულია. ბგანბა მსგავი ინფორმაციის გავრცელებას დესტაბილიზაციის მცდელობად მიიჩნევს:

"ამას ვაფასებთ, როგორც აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის დაუფარავ მცდელობას, რომელმაც სამოქალაქო დაპირისპირებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

აფხაზეთის ხელმძღვანელობა მოითხოვს:

1. დაუყოვნებლივ გადაეცეს აფხაზეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს წინასწარი გამოძიებისთვის ამ გამოცემების ხელთ არსებული ყველა ფაქტი, ასევე სამედიცინო ცნობები.

2. რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ასლან ბჟანიას სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე.

ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა ჩაითვლება, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ არამეგობრული აქტი და ვიტოვებთ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების და სუვერენიტეტის დასაცავად ქმედებების განხორციელების უფლებას," - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის როგორც რამდენიმე თვის წინ, ახლაც მოწამლეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბჟანიას მოწამვლის ნიშნები, ორივეჯერ რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩნდა. 

ბჟანიას მომხრეები მომხდარი ფაქტის გამო ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და ე.წ. ძალოვანი მინისტრების გადადგომა მოითხოვეს. 

დღის ამბები