18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 106 ათას გადასცდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 106 ათას გადასცდა. ვირუსმა 3594 ადამიანი იმსხვერპლა. დაინფიცირების დინამიკა იკლებს ეპიდაფეთქების ცენტრში, ჩინეთში, თუმცა დაავადების შემთხვევები იზრდება ევროპაში.

ვირუსის გავრცელების გამო სახელმწიფოები ზომებს ამკაცრებენ. იტალიის ხელისუფლებამ რეკორდულად გაზრდილი მონაცემების გამო ქვეყანაში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში გადაიყვანა.

233 გარდაცვლილი და 6 ათასამდე ინფიცირებული - რეკორდულად გაზრდილი სტატისტიკა გამო იტალიის მთავრობა საგანგებო ზომებს იღებს. ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში ხელისუფლების გადაწყვეტილებით 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. 3 აპრილამდე იტალიის ამ ნაწილში სრულად დაიკეტა მუზეუმები, სათხილამურო კურორტები, ღამის კლუბები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები. გადაიდო ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიება. დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები. მთავრობის ახალი დადგენილებით, პრევენციის მიზნით, ადამიანები ერთმანეთისგან მინიმუმ 1 მეტრის მოშორებით უნდა დასხდნენ. შექმნილი მდგომარეობის გამო, რომის პაპი ფრანცისკე ტრადიციულ საკვირაო ქადაგებას ონლაინრეჟიმში ჩაატარებს. კარანტინის დარღვევა 3-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ჩინეთისა და იტალიის შემდეგ, ფატალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირანშია გამოვლენილი, სადაც ვირუსმა 145 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებას ირანში 6 ათასამდე პაციენტი ებრძვის. საგანგაშო სტატისტიკის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები თეირანში იმყოფებიან. ორგანიზაციის გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ ერთობლივი მუშაობით ირანში ფატალური შემთხვევების დინამიკა კლებას დაიწყებს. 

ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ჩინეთში, სადაც გუშინ კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი 5-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. სასტუმროს ნგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. შენობაში 70 მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ნანგრევებიდან მხოლოდ 32 პირის ამოყვანა შეძლეს. უცნობია, რა გახდა სასტუმროს შენობის ნგრევის მიზეზი. 

ფუძიანის პროვინციაში სამძებრო და სამაშველო ოპერაციის პარალელურად ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80 ათასს გადასცდა.COVID-19-მა კი უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ სამხრეთ კორეაშია. დაავადებას ამ დრომდე 8 ათასამდე ადამიანი ებრძვის. ქვეყენაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა პარაგვაისა და კამბოჯაში. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა კორონავირუსის გავრცელების გამო შტატის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში შტატის ტერიტორიაზე დაინფიცირებულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა. ამ დრომდე შეერთებულ შტატებში ვირუსმა 17 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებას 500-მდე პაციენტი ებრძვის. დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა გერმანიასა და საფრანგეთშიც. გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვი 800-ს, ხოლო საფრანგეთში - 900-ს გადასცდა.

დღის ამბები