კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს. სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით:
"გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს);
სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;
ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ; ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;
ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია," - ნათქვამია რეკომენდაციებში