18 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების 4 წყარო ფიქსირდება

იტალიიდან სპეცრეისით დაბრუნებული 7 პირი ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონიდან დღეს გადაიყვანეს. ყველა მათგანს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. მათი მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. უარყოფითი პასუხის შემთვევაში ყველას ისევ სპეციალურ ზონაში დააბრუნებენ.

საკარანტინო ზონაში რჩებიან სპეცრეისით ჩამოყვანილი სხვა პირები. 97 ადამიანი წყალტუბოში, 40 პირი ისანში, სასტუმროშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არცერთ მათგანს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აქვს.

არ არის გამორიცხული, ჯანდაცვის სამინისტრომ რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების გარდა, თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც მისცეს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების 4 წყარო ფიქსირდება: 2 - იტალია, 1 - ირანი, 1 ესპანეთი. იმ პაციენტებს შორის, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, ყველაზე მძიმეა 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ მას უკავშირდება საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ნაწილი. გეფას დირექტორმა დღეს განცხადებაა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და მისი მოგზაურობის დეტალები აღწერა. 

დაინფიცირებულებს შორის სხვა კლასტერიდან პირველი შემთხვევა დადასტურდა მოზარდზე - 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. ექიმებს ინფორმაციით, ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. 

კორონავირუსით დაინფიცირებული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შვილთან ერთად მკურნალობას საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იყო, თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. საჩხერის საავადმყოფოში ახალი ვირუსით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქუთაისის საავადმყოფოში დღეს ვირუსის სიმპტომებით 5 მოქალაქე შევიდა. მათი მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში უვე გადაგზავნილია. კლინიკიდან მალე იმ 7 პაციენტს გაწერენ, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მათ შორის არის 2 წლის ბავშვი. 

40 წლამდე ქალია მოთავსებული ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც იტალიიდან 2 მარტს დაბრუნდა, თუმცა მაღალი ტემპერატურა დღეს დაუფიქსირდა. სულ, ქვეყნის მასშტაბით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 46 პირი რჩება. საკარანტინო ზონაში 298. რესპუბლიკური საავადმყოფოს სპეციალურ ზონაში 41 ადამიანია, დღეს 10 მათგანი ბინაზე გაეწერება. 3 პაციენტი კი, რომელთაც ახალი ვირუსი არ დაუდასტურდათ, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე ქვეყანა ვირუსის პირველ ეტაპს ებრძვის. საქართველოში "კოვიდ 19"-ის მესამე პირზე გავრცელების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. პრევენციისთვის სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საგანმანათლებლო გეგმა შეიმუშავა. არ არის გამორიცხული, სწავლის პროცესი ელექტრონული მეთოდით გაგრძელდეს. საბჭოზე ასევე გადაწყდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე მიაწოდა ინფორმაცია.

პრევენციული ღონსძიეები განიხილეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსების, მეტროს, მიწისქვეშა გადასასვლელების სპეციალური ხსნარებით დასუფთავება ყოველდღიურად ხორციელდება. 

პრევენციულ ღონისძიებებს იწყებს საპატრიარქო. სასულიერო პირები მზად არიან დაავადებათა კონტროლი მიერ მიცემული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ და ტაძრების დეზინფექცია დაიწყება.

დღის ამბები