ჯანდაცვის მინისტრი NCDC-ის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლება 3 სცენარისთვის არის მზად. მინისტრის განმარტებით ეს სამი სცენარი კორონავირუსით დაავადებულ პირთა რაოდენობის მიხედვით განსხვავებულ ქმედებებს გულისხმობს.
"სამი სცენარი ნიშნავს იმას, როდესაც ჩვენ ძალიან მსუბუქად გადავივლით ამ პანდემიას საქართველოში და ინფექციის გავრცელება, პაციენტების რაოდენობა იქნება ნაკლები, რაც შეიძლება იყოს შედარებით ხანგრძლივი პროცესი.
ასევე არის საშუალო სცენარი, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს 12 კვირის განმავლობაში და რომელიც გულისხმობს ქვეყანაში რამდენიმე ასეულ პაციენტს. არსებობს კიდევ უფრო რთული სცენარი, როდესაც ჩვენ შეიძლება გვყავდეს დაახლოებით 400-მდე უკვე მძიმე პაციენტი, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, არ იქნება ადვილი, მაგრამ მიუხედავად ამის, ჩვენი ინფრასტრუქტურა და ასევე საექიმო სტაფი მომზადებული გვყავს იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიყოთ მშვიდად, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, მოვდუნდეთ და არ ვიყოთ მობილიზებულები," - განაცხადა ტიკარაძემ.