საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოს მოქალაქეებიც და ბიზნესიც სახელმწიფოსთან ეფექტურად თანამშრომლობს და სწორედ ეს ქმნის, იმის საშუალებას, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება სიტუაციას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე მართავს. განცხადება ამის შესახებ გიორგი გახარიამ გადაცემა "ღამის კურიერში" გააკეთა:
"როდესაც მთავრობა გამოდის და იძლევა რეკომენდაციას, რომ დაიხუროს კაზინო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიღმა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია მთავრობის. ჩვენ მანამდე, სანამ ჩვენ ბიზნესთან და მოქალაქეებთან გვექნება ეფექტური თანამშრომლობა და ისინი თავიანთი პასუხისმგებლობის გადმოსახედიდან მთავრობის რეკომენდაციას მიიჩნევენ თავისთვის შესასრულებლად სავალდებულოდ, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი სჯერა, ჩვენი რეკომენდაციები სრულდება და ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა, როცა ვნახავთ, რომ ამას ვერ ვახორციელებთ კეთილი ნების საფუძველზე, მთავრობა იძულებული იქნება საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, დღეს ეს არ მოგვცემს დამატებით ინსტრუმენტებს, რომ ეფექტური ვიყოთ,"- განაცხადა გახარიამ.