07 სექტემბერი 2026,   04:21
ვრცლად
ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს - ამირან გამყრელიძე

ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ დღეს, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ, ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეკლესიებში ლოცვებზე ხალხმრავლობის გამო, ხომ არ არის საჭირო უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთება კანონში, ღონისძებების უფრო ეფექტურად გასატარებლად.

მისი თქმით, სოციალური დისტანცირება ინფექციასთან ბრძოლისთვის ყველაზე ძლიერი იარაღია, ამიტომ, საჭიროა, ყველამ დაიცვას ეს რეკომენდაცია.

"საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყანაში, მეტი რა ჩანაწერი უნდა იყოს, ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ დღეს, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ, ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს. ამიტომ, სოციალური დისტანცირება არის ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს ინფექციასთან ბრძოლის, ამიტომ, დავიცვათ ეს რეკომენდაცია ყველამ,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, რომელიც სახლში რჩება და გაცემულ რეკომენდაციებს ასრულებს.

"ჩვენ თვითშეგნება უნდა გვქონდეს იმდენი ყველას, რომ გავითავისოთ.  თქვენ ხედავთ, რომ თბილისის ქუჩები დაცარიელებულია. ანუ, საზოგადოების უმრავლესობა ითავისებს იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაშიც ვართ და იმ საშიშროებას, რაც შესაძლებელია ქვეყანაში დადგეს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ამისთვის. ჩვენ არ მინდა განმეორდეს ის, რაც მოხდა დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში. თუ ჩვენ დავიცავთ ყველაფერ იმას, რაც დღეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში უნდა განხორციელდეს, დიდი ალბათობით, ავუვლით გვერდს ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ამიტომ, პირველ რიგში, აქ არის მთავარი საზოგადოებრივი თვითშეგნების გაზრდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფიცირების ყველა შემთხვევის წარმომავლობა ცნობილია, რაც ხელს უწყობს პროცესის მართვას. ბოლო საათებისთვის არსებული ვითარება ჯან-დაცვის ჯგუფმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე განიხილა. ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 54-ია, მათგან 3 გამოჯანმრთელდა. კარანტინშია 2 ათას 956 პირი, სტაციონარში კი 291-ი.

ცნობილი ხდება, რომ კლინიკური მართვის მიმართულებით, საქართველოში ჯანდაცვის მოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებს გამოაგზავნის. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სომხეთიდან საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლა მხოლოდ სადახლოდან შეეძლებათ, სატვირთო მოძრაობა კი დასაშვები იქნება სხვა გამშვები პუნქტებიდანაც. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება აზერბაიჯანთანაც - ფიზიკური პირები მხოლოდ წითელი ხიდიდან შემოვლენ.

დღის ამბები