13 მაისი 2024,   20:53
ვრცლად
სწრაფი ტესტების შემოტანას ხვალ ველოდებით, ოთხშაბათიდან შეგვიძლია მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება დავიწყოთ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში ხვალ დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა იქნება ოთხშაბათიდან მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დაიწყოს. მინისტრის განმარტებით, ტესტებით მომარაგება 4 ეტაპად მოხდება. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწრაფი ტესტების რაოდენობა საკმარისი იქნება და შესაძლებელი გახდება კორონავირუსზე რაოდენობით დიდი ჯგუფების გატესტვა.

"როგორც ჩვენ დავაანონსეთ, ხვალ ველოდებით უკვე საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა ეს ძალიან დაეხმარება ჩვენ ექიმებს და ასევე ეპიდემიოლოგებს იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა.

ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში, არის გადანაწილებული და ბოლო შემოტანას ველოდებით 5 მარტისთვის და რაოდენობა არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს დიდი ჯგუფების გატესტვა," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს დღეიდან მედიკამენტებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით სახლში მიაწვდიან. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განიხილება 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების სახლში მიწოდება.

დღის ამბები