როგორ შეიძლება საქართველოში განვითარდეს მოვლენები და მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ, შესაძლოა, თუ არა, უკვე თბილისი ან სხვა რომელიმე რეგიონი, საკარანტინო ზონად იქცეს - "დღის კურიერის" ეთერში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.
"ყველას გვინდა, რომ ეს არ მოხდეს და სწორედ ამიტომ იჩქარა პრემიერმა და მყისიერად გამოაცხადა საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები მარნეულში და ბოლნისში იმიტომ, რომ ეს პრეცედენტი არ გავრცელდეს დანარჩენ საქართველოზე და პირველ რიგში, თბილისზე. ეს, იმიტომ, რომ სწორედ თბილისშია ძალიან დიდი რაოდენობა იმ პირების, ვინც მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, ან ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის კონტაქტი მათთან. გამორიცხული არაფერი არ არის, მოდით ასე ვთქვათ- იმიტომ, რომ ნებისმიერ რაიონში, ნებისმიერ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობებს აქვს ზღვარი.
ჩვენთან საქართველოში ყველაფერი, რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება ყველაფერი კეთდება, რაც ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება ან ზოგჯერ, აღემატება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები როგორიც მარნეულში იყო, დარჩეს ერთეულ კერად," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.