მარნეულსა და ბოლნისში ხვალ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხვალ 40 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
მარნეულში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობა ქუჩებში მაინც გადაადგილდება.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც რეგიონის ორი ქალაქის საკარანტინო ზონად გამოცხადებას გულისხმობს. ასეთი შემთხვევები კი, ძირითადად სოფლებშია. ასევე პრობლემაა, რომ მათ ინფორმაცია ქართულ ენაზე მიეწოდებათ, ქართული კი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის.
მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებთან ჯარი დგას. ქვემო ქართლის რეგიონში ფუნქციონირებს სპეციალური გამშვები პუნქტები და პოლიციასთან ერთად, რისკზონაში გადაადგილებას ჯარი აკონტროლებს.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, რეგიონში საკვები პროდუქტის დეფიციტი არ არის.
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი პრემიერ-მინისტრმა გუშინ, გვიან ღამით სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა. გიორგი გახარაიამ მიზეზად კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალი დაასახელა, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, ხოლო მისი კონტაქტების სია ვრცელია.