სახალხო დამცველი მოსახლეობას მთავრობის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. ნინო ლომჯარია, ბოლნისსა და მარნეულში ამოქმედებულ კარანტინის რეჟიმს სოციალური ქსელით ეხმაურება.
მან მოსახლეობის კითხვებს Facebook ჩართვაში უპასუხა და ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვები დეტალურად განმარტა. სახალხო დამცველის ოფისში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს კონსულტაციას ქართულ ენასთან ერთად, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზეც გაუწევენ.
"კარანტინის ასეთი მკაცრი შეზღუდვა მოქმედებს მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი თანამოქალაქეები დანარჩენ ტერიტორიაზე არ დაემორჩილებიან ამ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს ჩვენ დავდგებით იმის წინაშე, რომ საყოველთაო კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნეს შემოღებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაცია.
რა თქმა უნდა, მარნეულსა და ბოლნისშიც საყოველთაო კარანტინი არ ნიშნავს იმას, რომ სახლიდან გამოსვლა არავის არ შეუძლია. მოქალაქეებს რა თქმა უნდა შეუძლიათ გადაადგილდნენ, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის. სხვა შემთხვევებში, რა თქმა უნდა ყველა უნდა დავრჩეთ სახლში," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.