18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
კორონავირუსის ახალი 91-ე დადასტურებული შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსის ახალი, 91-ე შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. 

ახალი პაციენტი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალ შემთხვევასთან დაკავშირებული წყარო ცნობილია და მას ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

"დილის შემდეგ ახალი შემთხვევა დაგვემატა და ამ დროის მონაცემებით უკვე 91 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ის ჩვენს ცენტრში იმყოფება. სულ 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება დღეს და მათგან ერთზე მოვიდა დადებითი პასუხი. ინფიცირებულის წყარო ცნობილია, მას მოგზაურობის ისტორია აქვს ინგლისში. 

უნდა დაიწყოს დაინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა და მძიმე არ არის. ის ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ხვალ 7 პაციენტის ანალიზის პასუხს ველოდებით," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას თქმითვე, რიგით 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, COVID -19-ის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

91 დადასტურებულ შემთხევას შორის გამოჯანმრთელებული კვლავ 18 პაციენტია. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის  4717 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 268.

დღის ამბები