07 სექტემბერი 2026,   12:47
ვრცლად
მკაცრი საპოლიციო კონტროლი ზუგდიდში და 3 დაჯარიმებული ფიზიკური პირი

ზუგდიდში მეორე დღეა მკაცრი საპოლიციო კონტროლი მოქმედებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობას აქტიურად ამოწმებენ, სპეციალურად შექმნილმა ჯგუფებმა მუშაობა ზედა ეწერიდან დაიწყეს, სადაც ინფიცირებული მამაკაცი ცხოვრობდა. უკვე შემოწმებულია 200-მდე მოქალაქე.

ზუგდიდის მერი გეგა შენგელია განმარტავს თუ რატომ მოხდა საპატრულო პოლიციის მხრიდან არეალის გაფართოება. მისი განცხადებით, ბოლო დღეებში 3 ფიზიკური პირის დაჯარიმება მოხდა.

"ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ სოფელ ცაცხვიდან გზები იყოფა. ნაწილი გადაადგილდება ანაკლიის მიმართულებით, ტრანსპორტის ნაწილი კი შემოდის ქალაქში. უფრო ეფექტური რომ ყოფილიყო ტრანსპორტის კონტროლი, ბლოკ-პოსტი განთავსდა ცაცხვის ტერიტორიაზე. გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა და მოქალაქეებიც დაჯარიმდნენ,"- განაცხადა გეგა შენგელიამ.

გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ეპიდაფეთქება მოსალოდნელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. მოწერელია იმედოვნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დე ფაქტო ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ პაციენტებმა რუხის კლინიკაში იმკურნალონ.

"აფხაზეთთან დაკავშირებით ჩვენ საფრთხეებს ველოდებით, იმდენად რამდენადაც იქ არ გატარებულა ღონისძიებები. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მივიღოთ ჩვენი მოქალაქეები, მათ აქვთ სურვილი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის. აქ საკითხი დგას საოკუპაციო რეჟიმზე და იმ რუსულ საჯარისო ფორმირებებზე, რომლითაც დე ფაქტო ხელისუფლებას ბევრს არაფერს ეკითხებიან,"- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

4 საათზეა ჩანიშნული საგანგებო შტაბის სხდომა, რომელსაც ფოთისა და ზუგდიდის მერები დაესწრებიან.

დღის ამბები