დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის 7 დაინფიცირებული თანამშრომლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ერთ კლასტერს წარმოადგენენ და მათი კონტაქტები დადგენილია. იმნაძის თქმით, ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება რუსთავის შემთხვევაც.
"რუსთავის წყარო აბსოლუტურად დადგენილია, ეს უკავშირდება ისევ და ისევ ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს. ოღონდ ბანკის საცავის ყველა თანამშრომელი იყო სწორედ იმ რეჟიმზე, რომელიც გვაქვს მოწოდებული დაწესებულებებისათვის. ფაქტობრივად, ისინი იყვნენ ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანილი, მორიგეობით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. ეს არის ერთი კლასტერი. ამ კლასტერთან დაკავშირებული ის ადამიანი რუსთავში, რომელიც არ იყო ყაზარმულ პირობებში, ამათთან ერთად მუშაობდა. აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი ცნობილია, ყველა კონტაქტი დადგენილია," - განაცხადა პაატა იმნაძემ, რაც შეეხება მოსაზრებას შესაძლებელია, თუ არა, რომ დაინფიცირება ფულისგან მომხდარიყო პაატა იმნაძე აცხადებს რომ ეს ჰიპოთეზა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს განიხილებოდა, თუმცა მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა.
7 თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავად ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა. სებ-ის განცხადებით პირები, რომლებსაც დაუდასტურდათ ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან.