სამეგრელოს-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ე.წ. წითელ ზონად რეგიონი გამოცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის კლასტერიდან 3 ადამიანს მაინც დაუდასტურდება ვირუსი.
როგორც მოწერელიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რეგიონის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში დგას და მოვლენების განვითარების პარალელურად მიიღება გადაწყვეტილება.
"თუკი ჩვენ გვექნება ინფიცირების და მაღალი რისკი გავრცელების, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. თუმცა, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, განსახილველია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ცენტრალურ შტაბთან და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
ჩვენ საკმაოდ მაღალი საფრთხის შემთხვევა გვქონდა. ეს არის ე.წ. სპორტსმენის კლასტერი, რომელიც იმყოფებოდა არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონში, არამედ სხვაგანაც. მას 23 პირთან ჰქონდა შეხება. თუკი მაღალი საფრთხე გვექნება გავრცელების, ეს საკითხი დადგება. სხვა მხრივ.
ამ მომენტისათვის, მდგომარეობა სტაბილურია. სამართლადარღვევებმაც იკლო, გუშინ სულ რაღაც 9 შემთხვევა გვქონდა," - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
გარდა ამისა, ალექსანდრე მოწერელიამ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.