ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შესაძლოა, 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები, ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ აღნიშნული ვაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს.
"ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია.
ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც, რა თქმა უნდა, საქართველოში ვგეგმავთ.
ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც დეტალურად ვამუშავებთ. ამ ეტაპისთვის გვაქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანების, რომლებზეც ვცდილობთ განვახორციელოთ ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს.
არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ეს შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოქალაქეებში ამ ვაქცინის განახლება მოხდეს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში."