ეროვნული გამოცდების ფორმატის და თარიღის შეცვლას ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან სასწავლო პროცესი ყველგან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრული რეგისტრაციის ვადა იცვლება და არა თარიღი.
დისტანციური სწავლების მეთოდის კომფორტულობასა და მოხერხებულობაზე საუბრობენ 67-ე და 35-ე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, ეროვნული გამოცდების ცვლილების შესახებ სკოლებს განათლების სამინისტროსგან დირექტივები ჯერჯერობით არ მიუღიათ, თუმცა, მათივე თქმით, საგანმანათლებლო სისტემა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით მზადაა ყველა გამოწვევას და ახალ მოდელს გაუმკლავდეს.
განათლების მინისტრმა დღეს გადაჭრით განაცხადა, რომ ეს სემესტრი და წელი არ ჩავარდება, თუმცა შეიქმნება თუ არა გამოცდების ახალი მოდელი, დაიწევა თუ არა ბარიერები და გადაიწევს თუ არა გამოცდების თარიღი - ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მიხეილ ჩხენკელმა მხოლოდ ის განმარტა, რომ ონლაინსწავლება და "ტელესკოლის" პროექტი ერთიანი ეროვნული გამოცდების სრულფასოვნად ჩატარების პროცესს უწყობს ხელს.
როგორ აისახება დაწესებული შეზღუდვები საქართველოში მოქმედ სასწავლო სტრატეგიაზე - განათლების ექსპერტებს გარკვეული რეკომენდაციები აქვთ. მათი ნაწილი განათლების სამინისტროსა და ხელისუფლებას გამოცდების ჩატარების ახალი მოდელის შემუშავებას ურჩევს, რომელიც დაიხვეწება და ქვეყანაში არსებულ ახალ გამოწვევებზე იქნება მორგებული. ექსპერტთა განმარტებით, არსებული მოდელი რევიზიას კორონავირუსის გარეშეც საჭიროებდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სამი თვე რჩება, განათლების სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის სარეგისტრაციო ვადა ქვეყანაში განვითარებული პრობლემების გამო 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ამ დროისთვის გამოცდები არსებული მოდელით ჩატარდება, იმ მეთოდით, რომლითაც განათლების სამინისტრო წლებია ხელმძღვანელობს.