18 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
რატომ დატოვა ქუთაისის მერმა თანამდებობა პანდემიის დროს - ოპოზიცია "ოცნებაში" დაპირისპირებაზე საუბრობს

COVID 19-ის გავრცელების გამო გამოცხადებული პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის რეჟიმის დროს, ქუთაისის მერი პოლიტიკიდან წავიდა. გიორგი ჭიღვარია, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა, ჯერ "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას დაემშვიდობა, რამდენიმე დღეში კი სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წასვლის მიზეზებზე, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს.

მერის მიმართ გაჩენილმა უპასუხო კითხვებმა ინტრიგა გააჩინა. კერძოდ იმის თაობაზე, ხომ არ უბიძგეს ჭიღვარიას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ. "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, გუნდის შიგნით მისით დიდი ხანია უკმაყოფილოები არიან და ადრე თუ გვიან მის ჩანაცვლებას გეგმავდნენ. მიზეზად არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები და არაეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტები სახელდება. ეს ინფორმაცია დღეს იმერეთის გუბერნატორმა უარყო, თავად ჭიღვარიამ კი მედიასთან საუბარი არ ისურვა.

ადგილობრივი ოპოზიციონერები შორს არიან იმ აზრისგან, რომ გადაწყვეტილება პირადულია და არა პარტიული. ყოფილი მერის ოპონენტები საქმეს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და ყველაფერს არჩევნებს უკავშირებენ. მათი თქმით, ახლა "ქართულ ოცნებას" სწორება სასურველ კანდიდატზე აქვს. ოპოზიციას ამ მოცემულობაში კითხვები აქვს საკრებულოს სახელისუფლებო გუნდის წევრებთან მიმართებითაც.

ცენტრალურ ხელისუფლებაში დღეს გიორგი ჭიღვარიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ. "ოცნებაში" ამბობენ, რომ მერს პოლიტიკიდან წასვლა დიდი ხანია სურდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დღეს განმარტა, რომ პრეტენზიები მერის საქმიანობასთან არ ყოფილა.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ "ოცნება" საარჩევნო ოლქების საკუთარ თავზე მოსარგებად და ძალების გადასანაწილებლად პანდემიის პერიოდს იყენებს, იმ იმედით, რომ მუნიციპალიტეტებში თანამდებობრივ ცვლილებებს რეზონანსი არ ექნება, რადგან ახლა ყველა კორონავირუსთან ბრძოლითაა დაკავებული. იხსენებენ სხვა მუნიციპალიტეტების, მათ შორის, თერჯოლის შემთხვევასაც, სადაც, რამდენიმე დღის წინ, ასევე საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა ქალაქის მერმა.

ის, რომ გუნდს მუნიციპალიტეტებში ახალი სახეების ხილვა სურთ, არ უარყო "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა. თუმცა, კალაძეს არ დაუზუსტებია, მიიღო თუ არა გიორგი ჭიღვარიას წასვლის გადაწყვეტილება პარტიის მენეჯმენტმა.

გიორგი ჭიღვარიას მოვალეობებს ახლა მისი მოადგილე, ვიცე-მერი, დავით ერემაშვილი შეასრულებს, რომელმაც ეს თანამდებობა გასულ წელს დაიკავა.

დღის ამბები