COVID 19-ის გავრცელების კუთხით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ასეთი ვითარებაა: კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა 218 პაციენტს, ხოლო დაინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა. ვირუსის გამო გარდაიცვალა 3 ადამიანი. საკარანტინო სივრცეში 4 722, ხოლო სტაციონარში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ, 408 ადამიანია.
ეროვნული ბანკის კლასტერი გაფართოვდა, დღეს კორონავირუსი საცავის თანამშრომლის ოჯახის კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა. პაციენტი მოზარდია, ბოჭორიშვილის კლინიკიდან დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ინფიცირებული მამაც მკურნალობს. ახლა კლინიკაში ოჯახის 2 წევრია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მამას ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისში 102 ინფიცირებული პაციენტია. ყველაზე მეტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირია, მათ შორის არის სტიქაროსნის ოჯახი. მოზარდის 82 წლის ბაბუას მდგომარეობა ისევ მძიმეა. იგი მართვით სუნთქვაზეა. საშულო სიმძიმისაა სტიქაროსნის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
7 პაციენტია მოთავსებული ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან, კრიტიკულია ერთის მდგომარეობა. 33 ინფიცირებულიდან 10-ს განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება და თუ მონაცემები უარყოფითი იქნება, მათ სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერენ.
13 პაციენტია ბოჭორიშვილის კლინიკაში. ინფიცირებულების უმრავლესობას პნევმონია აქვს, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში არც ერთი მათგანი არა არის. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 6 არასრულწლოვანი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
2 ინფიცირებული რჩება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
თბილისის გარდა, ინფიცირებული პაციენტები არიან გორსა და ქუთაისში, სადაც 10 ინფიცირებული პაციენტია, 3 პირია საჩხერის საკარანტინო სივრცეში, 2 - ზუგდიდის ინფექციურში და ბათუმში - 14. ექიმების ინფორმაციით, არც ერთის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის.