08 ოქტომბერი 2024,   14:13
ვრცლად
იაპონია COVID-19-ის გამო საკუთარი ქვეყნის კომპანიებს ჩინეთიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს

იაპონია საკუთარი ქვეყნის კომპანიებს ჩინეთიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკური სტიმულირების რეკორდული პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პანდემიასთან საბრძოლველად იაპონურ საწარმოებს 2 მილიარდ დოლარზე მეტი თანხით დაეხმარება.

ფინანსები გამოყოფილია იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებას ჩინეთიდან იაპონიაში გადაიტანენ. ჩინეთი იაპონიის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში წარმოების პროცესი შეჩერდა, თებერვალში ჩინეთიდან იმპორტი თითქმის განახევრდა. ამის გამო კი, იაპონური კომპანიები აუცილებელი რესურსების გარეშე დარჩნენ. COVID-19-ის პანდემიის შედეგად, იაპონიაში ათეულობით კომპანია გაკოტრდა. ასეთი შემთხვევის რაოდენობამ განსაკუთრებით აპრილის დასაწყისში მოიმატა. დაზარალდა არაერთი მცირე ბიზნესი, სასტუმრო და კვების ობიექტი, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო ტურისტები იყვნენ.

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ექვსი თვით არის გამოცხადებული. ამ დროისთვის, კორონავირუსის ექვსი ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1500-ზე მეტი ტოკიოში გამოვლინდა.

"სიტუაცია ძალიან დაძაბულია. კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ და ჯერ კიდევ ვირუსის პიკის მოლოდინში ვიმყოფებით, რაც თავისთავად, უარეს მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ამ სიტუაციას ვერსად გავექცევით. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დავხუროთ ბიზნეს ობიექტები,"- აცხადებს ტოკიოს გუბერნატორი​ იურიკო კოიკე.

დღის ამბები