08 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ლენტეხში სრული კარანტინი ცხადდება

ლენტეხის რაიონში სრული კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი. ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში მოქმედებს," - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს. 

"დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა ლენტეხში შეზღუდული იქნება შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებისათვის, როგორიცაა საკვებისა და წამლების შეძენა და სამედიცინო მომსახურების მიღება. 

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით, ამ რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება აწარმოოს საგაზაფხულო სამუშაოები

ასევე, ლენტეხის რაიონში იმოქმედევს ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიის წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ გამოიყენონ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 

ლენტეხის რაიონის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის ძალები. ასევე, უკვე დაწყებულია თერმოსკრინინგი, რომელში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი. შემოწმდება თოთოეული მოქალაქე, ვინაიდან ამ ღონისძიებებმა ძალიან ეფექტური შედეგი გამოიღო. 

ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მოსახლეობას აქვს საკვები პროდუქტების თვალსაზრისით. ამ ყველაფერს კოორდინაციას საკოორდინაციო საბჭო და პრემიერის მრჩეველი ბატონი სოზარ სუბარი გაუწევს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ვატარებთ, არ არის საკმარისი და აუცილებელია, ყველამ დაიცვას ის რეკომენდაციები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს. დაიცვან საკუთარი თავი, ახლობლები და ყველა ჩვენი თანამოქალაქე,"- განაცხადა  პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები