08 ოქტომბერი 2024,   14:13
ვრცლად
მსოფლიოში 1 600 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული - კორონავირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა კვლავ აშშ-ში ფიქსირდება

ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები რეკორდულად იზრდება. ქალაქი პირველია, სადაც კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე უმეტეს ქვეყნებში. ბოლო 24 საათში COVID-19-ის შემთხვევები ქალაქში 10 ათასით გაიზარდა და 160 ათასს მიაღწია, მათგან ლეტალურად 7 000 შემთხვევა დასრულდა. სულ, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში კვლავაც ყველაზე მეტი - 471 ათასი ინფიცირებული ჰყავს.

შეერთებული შტატებისგან განსხვავებით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ეპიდემიის პიკი იყო, ახალი შემთხვევების რაოდენობამ კლება დაიწყო. იტალიაში, სადაც კორონავირუსით მსოფლიოში ყველაზე მეტი - 18 ათასი გარდაცვლილია, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი უკვე 143 ათას გასცდა. ესპანეთში კი 157 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

უკვე მეოთხეა დღეა, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კლინიკაში რჩება. ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 65 000 შემთხვევა ფიქსირდება.

მზარდია სტატისტიკა გერმანიაშიც, სადაც ვირუსი 118 ათასზე მეტ ადამიანს აქვს.

იზრდება ინფიცირების შემთხვევები მეზობელ სახელმწიფოებშიც. თურქეთში კორონავირუსს 908 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანში კი კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდგინდა. 2203-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა უკრაინაში, რუსეთში დაავადებულთა რიცხვი 12 ათასამდე გაიზარდა. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება. ქვეყანაში 937 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად იაპონიაში ათეულობით კომპანია გაკოტრდა. სწორედ ამიტომ, ქვეყანას საკუთარი კომპანიები ჩინეთიდან გამოჰყავს. ოფიციალურმა ტოკიომ ამ კომპანიების დასახმარებლად ეკონომიკური სტიმულირების რეკორდული პაკეტიც დაამტკიცა. ჩინეთი იაპონიის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში წარმოების პროცესი შეჩერდა, თებერვალში ჩინეთიდან იმპორტი თითქმის განახევრდა. ამ დროისთვის, იაპონიაში კორონავირუსის ექვსი ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

იერუსალიმი კი წმინდა კვირას ცარიელი ხვდება, კორონავირუსის პანდემიის გამო ცარიელია ვია დოლოროსა, სასულიერო პირები ღვთისმსახურებას ცარიელ ტაძრებში აღავლენენ. აღდგომას საფლავებზე გასვლის აკრძალვას მხარი დაუჭირა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

დღის ამბები