თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობასთან გამკლავება. ამის შესახებ ლალი ტურძელაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა მკაცრად შეასრულონ რეკომენდაციები და უახლოეს დღეებში თავი შეიკავონ როგორც ტაძრებში მისვლისგან ასევე სასაფლაოებზე გასვლისგანაც:
"მივმართავ მოსახლეობას, რომ დარჩით სახლში, ნუ ივლით დაბადების დღეებზე, ერთმანეთთან გასართობად, ნუ ითამაშებთ ასე ერთად ყველანი ფეხბურთს, თუ შეიძლება დარჩით სახლში ნუ წავალთ სასაფლაოზე ახლა, ნუ მივალთ ტაძრებში, როცა ჩაცხრება ეს ბობოქარი ვირუსი მერე კიდეც ვიქეიფოთ, საფლავებზეც მივაგოთ პატივი ჩვენს მიცვალებულებს და ვილოცოთ ტაძრებშიც. ძალიან გთხოვთ ყველას, იმიტომ რომ გამოუვალი მდგომარეობა იწყება, როცა საავადმყოფოებს აღარ შეგვეძლება პაციენტების მიღება. ჩვენ ახლა ვიმკით 10 დღის წინ რომ ვარღვევდით რეჟიმს იმის შედეგს. თუ დავიცავთ დღეს წესრიგს შემდეგ ნაკლები პაციენტი გვეყოლება.
ჩვენ რეანიმაცია 50 საწოლზე გვაქვს, ჯერჯერობით ჩვენ ავუდივართ, მაგრამ შემდეგ უკვე, ალბათ, ვეღარ," - განაცხადა ლალი ტურძელაძემ