დღეიდან საქართველოში აპლიკაცია - STOP COVID ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გაიგოს იმყოფებოდა, თუ არა ის კონტაქტში COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან. აპლიკაცია კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით, ვირუსის გავრცელების შეკავების შესაძლებლობას იძლევა. მსგავსი მოდელი უკვე წარმატებით დაინერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ. მათ შორის, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და სინგაპურმა.
ეს ახალი ქართულენოვანი აპლიკაციაა, რომლითაც, თუ მას ტელეფონში გადმოვიწერთ, შევძლებთ გავიგოთ, გვქონდა, თუ არა შეხება ინფიცირებულთან. ვერთვებით სპეციალურად შექმნილ სისტემაში ისე, რომ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება. თუ აღმოგვაჩნდება ვირუსი, ვაგზავნით შეტყობინებას და ყველა ის პირი, ვისთანაც შეხება გვქონდა, ავტომატურად იღებს გაფრთხილებას, რომ სასწრაფოდ უნდა მიაკითხოს ექიმს.
კონტაქტის თარიღი, საუბრის ხანგრძლივობა, დისტანცია დაშიფრული სახით-აპლიკაციაში ინახება.
ინსტრუქცია მარტივია, ამისთვის საჭიროა ჯერ აპლიკაციის სმარტფონში გადმოწერა და შემდეგ რამდენიმე ღილაკზე ხელის დაჭერა. მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის საკუთარ ნომერს ადგენს, რომლის მეშვეობითაც სოციალურ კონტაქტებს განსაზღვრავს.
აპლიკაციის მიზანი, COVID-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სისტემის გამოყენებით ვირუსის ფართოდ გავრცელების შეჩერება შესაძლებელია.
აპლიკაციის პრეზენტაცია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გამართა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქართული აპლიკაცია ევროპული მიდგომების გათვალისწინებით შეიქმნა. ქვეყნის მოქალაქეების 40 პროცენტზე მეტი სმარტფონით სარგებლობს, ამიტომ, თუ მოქალაქეები სოციალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ახალ სისტემას გამოიყენებენ, ვითარების კონტროლი გამარტივდება.
მოსახლეობის ნაწილს ინფორმაცია უკვე აქვს. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ აპლიკაციას გამოიყენებს.
დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია როგორ უნდა გამოვიყენოთ ახალი აპლიკაცია და საიდან შეიძლება მისი გადმოწერა, ჯანდაცვის სამინისტროსა და COVID-19-ის წინააღმდეგ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე უკვე დევს.
აპლიკაცია, რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ შექმნა, მოქალაქეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.