18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ვინ როგორ დაიცვა აღდგომის ღამეს უსაფრთხოების წესები - სპეციალისტები ეპიდემიის პიკს ორ კვირაში ელოდებიან

ქვეყნის პირველი ინფექციონისტი მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, კარგი იქნება თუ ის პირები, რომლებიც ეკლესიებში ღვთისმსახურებას დაესწრნენ თვითიზოლაციაში დარჩებიან და თუ ეს მათთვის შესაძლებელი იქნება, ოჯახის წევრებსაც არ ეკონტაქტონ.

ასეთ შემთხვევაში ვირუსის გადადების საფრთხე მნიშვნელოვანად დაიკლებს. სპეციალისტის შეფასებით, აღდგომის ღამეს მრევლი უსაფრთხოების წესებს მეტწილად იცავდა, თუმცა მასობრივ შეკრებებზე კორონავირუსის გავრცელების რისკი მაინც დიდია.

ვინ როგორ დაიცვა აღდგომის ღამეს უსაფრთხოების წესები და მედიკოსების რეკომენდაციები- ეს დაახლოებით 10 დღეში გამოჩნდება. ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ კიდევ არ გადავლილა, ამიტომ ახლა კარანტინის წესების ზედმიწევნით დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეპიდაფეთექებას ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა მოჰყვეს.

სპეციალისტები ეპიდემიის პიკს დაახლოებით ორ კვირაში ელოდებიან. მათი ვარაუდით, თუ დადასტურებული შემთხვევები აპრილის ბოლოს 1000-ზე მეტი არ იქნება, შესაძლებელია მოვლენები საიმედო სცენარით განვითარდეს. იმასაც ამბობენ, რომ კარანტინის წესების დაცვა, მასობრივ შეკრებებში მონაწილეობაზე უარის თქმა და სახლში დარჩენა, მომდევნო დღეებში გადამწყვეტი იქნება.

კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. იმისთვის, რომ გარშემომყოფებისთვის უხილავი სიკვდილის მატარებელი არ აღმოვჩნდეთ, საჭიროა - დავრჩეთ სახლში და მაქსიმალურად შევზღუდოთ სოციალური კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრებთან.

დღის ამბები