08 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
საბედისწერო ტყვია - უმისამართო გასროლას 50 წლის ქალი ოჯახის წევრების თვალწინ ემსხვერპლა

ნუცუბიძის ქუჩაზე უმისამართოდ გასროლილი ტყვია 50 წლის ქალს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში მოხვდა. თამარ ანთელავა ოჯახის წევრების თვალწინ, ადგილზე გარდაიცვალა.

ღამის 9 საათზე საკუთარი სახლის აივნიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ნასვამმა თანამშრომელმა გაისროლა. სოსო გაბრიაძე ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც გუშინ, საკუთარ სახლში დაახლოებით 3 ადამიანთან ერთად აღდგომას აღნიშნავდა. დაკავებული პოლიციელის და მისი სტუმრების ფოტო facebook-ზე 15 საათსა და 40 წუთზე აიტვირთა.

ნუცუბიძის 26-ის მცხოვრებლებმა გვიან ღამით 10-მდე გასროლის ხმა გაიგონეს.

ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებელი "კურიერთან" ახალი წლის შემთხვევასაც იხსენებს. მამაკაცის თქმით, მაშინ მისი კონდიციონერი დაზიანდა.

პროკურატურაც ადასტურებს, რომ პოლიციელი, რომლის უმისამართო გასროლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი ემსხვერპლა, ნასვამ მდგომარეობაში იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, საქმეზე გამოძიებას თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ახორციელებს.

დაკავებულ პოლიციელს შინაპატიმრობა ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მას გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება. 

დღის ამბები