07 სექტემბერი 2026,   05:41
ვრცლად
COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი "დღის კურიერის" ეთერში მისი დაინფიცირების ისტორიას ჰყვება

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსმა კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. გარდაიცვალა მე-6 პაციენტი, 83 წლის მამაკაცი, რომელიც ე.წ. რომანოვების კლასტერს უკავშირდება. ის გუშინ დაკრძალეს.

ამავე ოჯახიდან არის ინფიცირებული ახალგაზრდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში სტიქარისანი იყო.

ვირუსი გადაიტანა ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა, სპორტსმენმა და საქართველოს ყოფილმა ჩემპიონმა წყალბურთში რუსუდან გვანცელაძემ. მან ვირუსი დაამარცხა, თუმცა,  ჯერჯერობით, როგორც მან “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდა.

რუსუდან გვანცელაძის განმარტებით, ოჯახიდან 4 ადამიანი დაინფიცირდა. თავად კი პირველი საუბივერსიტეტო კლინიკიდან გუშინწინ გამოწერეს. ის თვითიზოლაციას და მკურნალობას ამჯერად სახლში განაგრძობს.

როგორც გამოჯანმრთელებული პაციენტი ყვება, მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. ის 12 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ ის სპორტსმენია, მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

“ძალიან ცუდი გრძნობაა. სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მითუნეტეს, რომ შვილი გიწევს წინ და და გვერდზე მამა, რეანიმაციაში.

ინფექციონისტებმა ასე ჩათვალეს, რომ მამის შემდეგ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა მე მქონდა,” - აცხადებს რუსუდან გვანცელაძე.

ყოფილი სპორტსმენი იხსენებს, რომ კლინიკაში გადაყვანამდე, სახლის პირობებში მას ვირუსის სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ყნოსვის შეგრძნება დაკარგა.

ის ვარაუდობს, რომ ვირუსი სადარბაზოში პირველი დაინფიცირებული პირის შემდეგ, ლიფტის მეშვეობით გადაედო.

“არ ვიცი ვისგან გადამედო. ხელს ასე ვერავის დაადებ. ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, გარეთ მარტო მე დავდიოდი პროდუქტებზე, მამაც და შვილიც სახლში იჯდა. ტაძარშიც მივდიოდი კვირას, მაგრამ იქ წირვა გარეთ ტარდებოდა.

პირველი რომ დაინფიცირდა სადარბაზოში, ლიფტში დეზინფექცია ჩავატარე. ჩავთვალე, რომ სხვა არ დაინფიცირდეს მეთქი. ოჯახი დაინფიცირდა მათი.

მამაჩემს სიცივე დაეწყო და ვურჩიე, რომ ჩაწოლილიყო ლოგინში. მეორე დღეს ცოტა სუსტად იყო. სიცხე არ ჰქონდა. ცოტა მძიმედ სუნთქავდა. დავრეკე სასწრაფოში, შემდეგ ოჯახის ექიმთან. ჩვენ არ დავდივართო სახლში და პარაცეტამოლი მიეციო. ასევ ვქენი. აუწია სიცხემ. ისევ სასწრაფოში დავრეკე, მოვალთო და გადავიყვანთო.

მამის “ზღვის ჰოსპიტალის” კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მეორე დღეს ჩემთვის არავის დაურეკავს. მე თვითონ დავრეკე და კორონავირუსი დაგიდგინდათო. 

დავრეკე სასწრაფოში, სიმპტომები გაქვთო? არა მეთქი. მაშინ სახლში იყავითო, სახლში ვიჯექით,” - აცხადებს რუსუდან გვანცელაძე.

ის ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში დარეკა, რის შემდგომაც მასთან სამედიცინო ბრიგადა გამოუშვეს. ოჯახის ყველა წევრი კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 3 საათში ყველას COVID-19 დაუდასტურეს. ქალი ყვება, რომ ინფექციის დადასტურების შემდეგ, მან ყველა ის პირი გააფრთხილა, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდა, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.

დღის ამბები