გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა. ვირუსით თავდაპირველად გორის სამხედრო ჰოსპიტლის უმცროსი მედდა დაინფიცირდა, მოგვიანებით კი ვირუსი მასთან კონტაქტში მყოფ სამ პირს დაუდასტურდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. გორის სამხედრო ჰოსპიტლის ინფიცირებული ექთნის შვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
გორის სამხედროს ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი გეგმური PCR ტესტირებისას აღმოაჩნდა. დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისიდან არის. მედდის ოჯახის 5 წევრი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ადგილზე დილიდან ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობდა. გაფართოვდება თუ არა კონტაქტების წრე, დღეს აღებული ნიმუშების კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
ეპიდემიოლოგები დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთშიც მივიდნენ, სადაც სამხედრო ჰოსპიტლის ინფიცირებული ექთნის მშობლები ცხოვრობენ. ექთანი 2 დღის წინ მშობლებთან სტუმრად იმყოფებოდა და სოფლის აფთიაქში წამალი შეიძინა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში განმარტავენ, რომ ექთანს ჰოსპიტლის მედპერსონალთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, კორონავირუსზე ყველა შემოწმდა, პასუხები უარყოფითია.
ამ დროისთვის შიდა ქართლში ინფიცირებული მედდის დამატებითი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღიათ.