სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. დილიდან წნორის და ანაგის მოსახლეობა ზარალს ითვლის. ნახევარსაათიანმა უამინდობამ ვენახები, ალუჩის ბაღები და ბოსტნეულის ნარგავები გაანადგურა.
დაზარალებული ფერმერების თქმით, ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ახლა ცდილობენ ვაზი მომავალი წლისთვის გადაარჩინონ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ზარალის დათვლა მიმდინარეობს და ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით იქნება ცნობილი. მათივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროულმა მოქმედებამ რეგიონი დიდ ზარალს გადაარჩინა.
საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია."ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არც ერთხელ არ გაამართლა და გამოყოფილი თანხა ჰაერში იხარჯება. გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას დაზარებული მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებს.