ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის თქმით, ყინწვისში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საკითხს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს, რის შემდეგაც წარდგენილი მასალების საფუძველზე სინოდი გადაწყვეტს, განიხილოს თუ არა აღნიშნული საკითხი.
როგორც მეუფე გერასიმემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მისი შეფასებით, რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი ეკლესიის ღირსეული წევრია და ცალკეული სასულიერო პირის ქმედებების გამო მთლიანად ეპარქიასა და ეკლესიაზე საუბარი არ შეიძლება.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მეუფემ აღნიშნა, რომ ის ამ შემთხვევაში კონკრეტულად მეუფე იობის პასუხისმგებლობის საკითხს, რა თქმა უნდა, ვერ ხედავს, თუმცა დასძენს, რომ ეპარქიის მღვდელმთავრები საკუთარ ეპარქიებში სასულიერო პირებზე პასუხისმგებლობას იღებენ.
"მეუფე იობი არის ღირსეული მღვდელმთავარი, იმ ეპარქიაში არიან ღირსეული სასულიერო პირები და არ შეიძლება ერთის ქმედებების გამო მთელ ეპარქიასა და ეკლესიაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია, რომლის შესახებ იმსჯელებს ეკლესია.
პასუხისმგებლობას თითოეული მღვდელმთავარი თავისი ეპარქიის სასულიერო პირების გამო, რა თქმა უნდა, იღებს. სასჯელს რაც შეეხება, ეს იქნება, ალბათ, ავტომატურად მღვდელმსახურების შეჩერება, შემდეგ კი დაწვრილებით განხილვის შემდეგ, შესაძლოა, კომისიამ იმსჯელოს. ეს არის უპირველესად იმ სასულიერო პირის პასუხისმგებლობა, ვინც ეს ჩაიდინა," - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
მისი თქმით, დეტალურ ინფორმაციას მომხდარის შესახებ არ ფლობს.