07 სექტემბერი 2026,   21:42
ვრცლად
კახეთში 50 წლის მედიკოსის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე ეძებენ

კახეთში, სასწრაფოს ექიმის ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის. კახეთმა გუშინ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მედიკოსს, 50 წლის ქალს, გეგმიური შემოწმების დროს COVID-19 დაუდასტურდა. მედიკოსს ვირუსის სიმპტომები არ ჰქონდა. ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს ამ დრომდე ეძებენ.

ამჟამად მედიკოსი პაციენტის სტატუსით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომელი იყო და ბოლო ინფორმაციით, 28-მდე გამოძახებაზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის 150-მდე კონტაქტია გამოკვლეული.

"ტესტირებების ფარგლებში, სასწრაფოს ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება. წყაროს დადგენა ჯერჯერობით არ ხერხდება, არ არის დადგენილი. გრძელდება ნიმუშების აღება და ტესტირებები, კვლევაც რა თქმა უნდა გრძელდება," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

ბოლო ინფორმაციით, ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით 80-ს უახლოვდება.

დღის ამბები