20 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
გორში დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტია

გორის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების წყარო გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტია. 56 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დღეს გორიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 16 ნიმუში გადაიგზავნა, თუმცა COVID-19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, შიდა ქართლში ახალი კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.

"გუშინ დადასტურებული შემთხვევის დედამთილია, ცნობილი არის წყარო. 23 ნიმუშიდან ყველა არის უარყოფითი. დაუდასტურდა მხოლოდ ერთს. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, თერმოსქრინინგიც და ზედამხედველობაც დამყარებულია, იზოლაციაში არის ყველა აბსოლუტურად," - აცხადებს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი.

საგანგებო საოპერაციო შტაბის წარმომადგენლის თამარ მელიქიას თქმით, გუშინ ლაბორატორიაში გადაგზავნილი 23 ნიმუშიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

"გუშინ გადაიგზავნა 23 ნიმუში, დაგვიდასტურდა 1 ნიმუში, რომელიც უკავშირდება არსებული დაინფიცირებული მედდის კონტაქტს. 105 ადამიანი გადავიყვანეთ თვითიზოლაციის პირობებში," - აღნიშნა თამარ მელიქიამ.

გორის კლასტერი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამხედრო ჰოსპიტალში COVID-19 ერთ-ერთ მედდას დაუდასტურდა. ამჟამად მედიკოსები ეპიდემიოლოგიურ სურათს აკვირდებიან.

ამ დროისთვის, თერმოსქრინინგი 2 000-მდე ადმიანს ჩაუტარდა, 105 პირი კი თვითიზოლაციის რეჟიმში რჩება.

დღის ამბები