თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი წევს. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან მძიმე პნევმონიას თან შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონიული დაავადება ერთვის
"გვყავს კვლავ ერთი მძიმე, კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბად დამოკიდებული. პარალელურად, მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე დაავადებები, ეს არის შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონიული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე, ჯერ-ჯერობით, მდგომარეობის სტაბილიზება ვერ ხერხდება, ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია იქნება. 7 მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. ამ ორი დღის გამავლობაში მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა საქართველო პიკისთვის მზად, უპასუხა, რომ იმედი აქვს, ისევე გაუმკლავდებიან პიკს, როგორც ბოლო 3 თვის განმავლობაში უმკლავდებოდნენ ამ დაავადებას.
"ჩვენი ამ დაავადებასთან დაწყებული ბრძოლა თებერვლის პირველი რიცხვებიდან დღემდე, არსებული შედეგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის და უმკლავდება ამ პრობლემას უკვე 3 თვეა და იმედი გვაქვს, რომ ამ პიკის პერიოდსაც ასევე გავუმკლავდებით და გარკვეულწილად გავივლით ისე, რომ კვლავ გვექნება ზომიერი კონტროლირებადი მატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას რყევებში არ შეიყვანს,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.